supporting role-ის დასრულების შემდეგ სხვა არაფერზე ვლაპარაკობდი. არა იმიტომ, რომ რამემ შემძრა ან ჩემში გადაუჭრელი კითხვა დატოვა, არამედ იმიტომ, რომ ვერ ვწყვეტდი ფიქრს იმაზე, თუ როგორ მოახერხა ამდენმა არასწორმა გადაწყვეტილებამ ერთმანეთის გადარჩენა და საბოლოოდ ფილმად ქცევა. დავიწყე თითოეული სცენის, კადრისა და დიალოგის გაშიფვრა. ვეძებდი რაღაც დაფარულ ლოგიკას, რაიმე გამამართლებელ განზრახვას, თუნდაც უმცირეს ნიშანს იმისა, რომ ეს ყველაფერი განზრახ იყო გაკეთებული. მინდოდა დამეჯერებინა, რომ სადღაც ხუმრობა იმალებოდა და უბრალოდ მე ვიყავი უკანასკნელი ადამიანი, რომელმაც ვერაფერი ვერ გაიგო. ხოდა გარკვეული დროით ისიც კი ვიფიქრე, იქნებ ანა ურუშაძე ჩვენ დაგვცინის მეთქი. იქნებ მთელი ფილმი მხატვრული პრეტენზიულობის გროტესკული პაროდიაა, აბსურდის, გაცვეთილი კლიშეებისა და ფსევდოპოეტური სისულელეებისგან შეგნებულად აწყობილი სანახაობა. მაგრამ ირონიას სიზუსტე სჭირდება. ვერ დააგროვებ უაზრო სცენებს, ვერ შეფუთავ მათ ლამაზ ლოკაციებში, ვერ შემოიკრებ გარშემო კარგ მსახიობებს და ვერ ელოდები, რომ შედეგი სატირად იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ მაყურებელს უკვე ეჭვი შეეპარა მის სერიოზულობაში. ფილმი თვითირონიული მხოლოდ იმიტომ არ ხდება, რომ მისი მაყურებელი ცდილობს, დაიჯეროს, თითქოს მასხრად იგდებენ. აი, ყველაზე მეტად სწორედ ფილმის დაჟინებული სურვილი მაღიზიანებდა, აუცილებლად ღრმად ჩათვლილიყო. ყველა სცენას რაღაც უნდა ეთქვა, ყველა დიალოგს ეგზისტენციალური აღმოჩენის სიმძიმე უნდა ჰქონოდა. ვაი და პერსონაჟები ფილმის სათქმელს არ გვიღეჭავდნენ, ამას კადრი აკეთებდა. სიზმრის სცენაში, მაგალითად, უკვე ყველაფერი მიგვანიშნებს, რომ არარეალურ სამყაროში ვართ: უცნაური დიალოგები, სურეალისტური ატმოსფერო, მთავარი გმირის პერსპექტივა. მაგრამ ეს ხომ საკმარისი არ არის ანა ურუშაძე! გმირი ხელებს შლის, თითქოს აუცილებელია, ფიზიკურადაც გვაჩვენოს, რომ მის ქვეცნობიერში შევაბიჯეთ. და მერე იმასაც კი გვრუბნრბა მთავარი პერსონაჟი, რომ “ეს სიზმარია”. აი, საიდუმლო და გაუგებრობა ერთი და იგივე არ არის. სიმბოლო კი მხოლოდ იმიტომ არ ხდება მნიშვნელოვანი, რომ ავტორი მისკენ ათჯერ მიგვითითებს. მაყურებლისთვის ყველაფრის ახსნა უპატივცემლობაა… ზოგჯერ ეს იმის აღიარებაა, რომ ავტორს თავადაც არ სჯერა საკუთარი კადრების…მთავარი გმირის მოგზაურობაც ისეთივე უსიცოცხლო არის, როგორც ფილმის დანარჩენი ნაწილი. ერთი უმნიშვნელო პერსონაჟიდან მეორემდე, ერთი ლამაზი სივრციდან მეორემდე, ერთი ვითომ ღრმა საუბრიდან მეორემდე. თითქოს ფილმს სჯერა, რომ ხეტიალი თავისთავად აღმოჩენაა, რომ თუ კაცი საკმარისად ბევრ ადამიანს შეხვდება და საკმარისად ბევრ პოეტურ ფრაზას მოისმენს, მისი ცხოვრება ავტომატურად ტრაგედიის მასშტაბს შეიძენს. გადაადგილება განვითარება არ არის.და რა პოტენციალი ჰქონდა ამ ყველაფერს?ოდესღაც დიდი მსახიობი, დაკარგული ცხოვრება, ადამიანები, რომლებიც მის გარშემო ტრიალებენ მაშინაც კი, როცა თავად უკვე აღარ იცის, რა მოუხერხოს საკუთარ არსებობას. კაცი, რომელიც იმდენ ხანს თამაშობდა სხვებისთვის, რომ საკუთარი თავის არსებობა როლის გარეშე ვეღარ წარმოუდგენია. მარტოობა, რომელიც ვერანაურად ვერ ქრება. ნუ შეიძლებოდა რაღაც მართლაც მტკივნეულის შექმნა. მაგრამ პოტენციალი ზოგჯერ ყველაზე სასტიკი რამაა ხელოვნებაში: გაიძულებს, უყურო იმას, თუ როგორ ფუჭდება რაღაც, რაც შეიძლებოდა გაცილებით უკეთესი ყოფილიყო.ქალები კი აი საერთოდ ცალკე საუბრის თემაა. მთავარი გმირის ცხოვრებაში თითქოს მისი პირადი მითოლოგიის ფრაგმენტებად ჩნდებიან. წლებია არ უნახავთ, მაგრამ მისი დაბრუნების შესაძლებლობას მათ ცხოვრებაში ჯერ კიდევ რაღაც საკრალური ძალა აქვს. აი ძალიან აუტანელია. განსაკუთრებით მაშინ, როცა მსგავს წარმოდგენას ქალი რეჟისორისგან ხედავ. თითქოს პატრიარქალური ფანტაზიის კიდევ ერთი ვერსიაა: ქალი არსებობს იმისთვის, რომ კაცის მნიშვნელობა დაადასტუროს. მისი ტკივილი ამ კაცის სიღრმის მტკიცებულებად იქცევა, მისი პატიება კი იმის დასტურად, რომ ეს კაცი შეუცვლელია. მაშინაც კი, როცა ის მათ ცხოვრებაში აღარ არის, ემოციური სივრცის ცენტრში მაინც ის რჩება.შეიძლება რეჟისორს სწორედ მთავარი გმირის ნარცისიზმის ჩვენება სურდა. იქნებ ეს ქალები მისი ფანტაზიების ნაწილია, იმ კაცის წარმოსახვის ნაყოფი, რომელსაც საკუთარი მნიშვნელობის რწმენა იმდენად აქვს გამჯდარი, რომ ვერც კი წარმოუდგენია სამყარო, სადაც აღარავის უყვარს და აღარავინ ელოდება. საინტერესო იდეა იქნებოდა, ფილმს საკუთარი პერსპექტივა რომ გაემიჯნა ამ კაცის ილუზიებისგან. მაგრამ არსებობს განსხვავება ნარცისიზმის ჩვენებასა და მის გაუცნობიერებელ გამეორებას შორის. supporting role კი თითქოს ვერ ახერხებს, ან არ ცდილობს, ეს განსხვავება დაგვანახოს.და შემდეგ მსახიობები! მართლაც გასაოცარია, როგორ შეიძლება ერთ ფილმში ამდენი კარგი ქართველი მსახიობი შეკრიბო და საბოლოოდ ისეთი შედეგი მიიღო, სადაც მათი შესაძლებლობების დანახვა თითქმის შეუძლებელი ხდება. ამ მსახიობრბის თამაში ხშირად იმდენად არაბუნებრივი და მტკივნეულად ხელოვნური იყო, რომ ვეღარ ვხვდებოდი, მსახიობები ემოციას განიცდიდნენ თუ უბრალოდ ემოციის იდეას განასახიერებდნენ. დიალოგები წარმოთქმული უფრო იყო, ვიდრე ნათქვამი. ყოვრლი ჟესტი წინასწარ განსაზღვრული ჩანდა, ყველა ფრაზა კი კაცობრიობის მდგომარეობის შესახებ საბოლოო ჭეშმარიტების გამჟღავნებას ცდილობდა ;(არ ვიცი, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა რეჟისორს ეკისრება, თუ ვის, მაგრამ საუკეთესო მსახიობიც შეიძლება სასაცილოდ გამოიყურებოდეს, როცა ფილმი მას ადამიანად ყოფნის საშუალებას არ აძლევს. აქ არავინ უბრალოდ არ არსებობდა ყველა რაღაცას განასახიერებდა, ყველა რაღაცას გვიხსნიდა, ყველა ცდილობდა, მნიშვნელოვსნი ყოფილიყო. ხოდა, ფილმის პრეტენზიულობა კიდევ უფრო გამაღიზიანებელი ხდება, როცა მის შექმნაზე ვფიქრობ. Q&A-ზე გავიგე, რომ ფილმის განვითარებას შვიდი წელი დასჭირდა lol… შვიდი წელი, რომლის განმავლობაშიც შეიძლებოდა ვინმეს ეკითხა: ან ეს სცენა მართლა მუშაობს, ან ეს პერსონაჟი ვინღაა, ან ამდენი კლიშე რა უბედურებაა. დავიჯერო არავინ იყო მზად, ეთქვა, რომ რაღაც არასწორად მიდიოდა? ან იქნებ ვიღაც ამბობდა კიდეც, მაგრამ ფილმს იმდენად მტკიცედ სჯეროდა საკუთარი თავის, რომ კრიტიკა უბრალოდ გაუგებრობად მიიღო.მერე საერთოდ, ფილმის დასრულების შემდეგ ისიც კი ვიფიქრე, იქნებ პრობლემა ჩემშია მეთქი. ერთმა გოგომ სახალოდ თქვა, რომ ძალიან მოეწონა და რომ დიდი ხანია ფილმის ყურებისას ასე კარგად არ უგრძვნია თავი და მსახიობების ოსტატობაც აღნიშნა. გულწრფელად გამიკვირდა. არა იმიტომ, რომ მისი გემოვნების გაკრიტიკება მსურდა, არამედ იმიტომ, რომ გამაოცა იმ უფსკრულმა, რომელიც მის გამოცდილებასა და ჩემსას შორის არსებობდა. იმდენად დეტალურად გავიაზრე ფილმის თითოეული სცენა, მისი გამეორებები, აბსურდები და მნიშვნელობის ხელოვნურად შექმნის მცდელობები, რომ მის შესახებ დისერტაციის დაწერაც კი შემიძლია. და მაინც, თუ ამდენი ვიფიქრე, ნუთუ რაღაც აუცილებლად უნდა ყოფილიყო? ხოდა, ალბათ სწორედ ეს არის ხაფანგი. გვგონია, რომ კინო აუცილებლად უნდა შეიცავდეს იმ სიღრმეს, რომლის ძიებაშიც ჩვენ ამდენ ენერგიას ვხარჯავთ. ზოგჯერ მთელ სამუშაოს მაყურებელი ასრულებს. ზოგჯერ ჩვენსავე დაჟინებულ მცდელობას ფილმის სირთულედ ვასაღებთ. ვაგრძელებთ თხრას, რადგან არ გვინდა დავიჯეროთ, რომ ზედაპირის ქვეშ შეიძლება არაფერი იყოს. იქნებ ფილმს ირონია სურდა. იქნებ მსახიობების ეგოიზმისა და ხელოვანთა ამპარტავნების სატირა უნდა ყოფილიყო. შემიძლია წარმოვიდგინო Supporting Role-ის ისეთი ვერსია, რომელშიც ეს ყველაფერი ერთიან, ნამდვილად შემაწუხებელ ფილმად იქცეოდა. მაგრამ განზრახვა შესრულება არ არის :(((((( თუ ეს ხუმრობა იყო, ხუმრობას დროის შეგრძნება აკლდა. თუ სატირა იყო, მას არ ჰქონდა სიზუსტე, რომელიც სამიზნესა და საკუთარ თავს შორის განსხვავების დანახვას სჭირდება. თუ სიზმარი იყო, ეშინოდა, რომ მის ამოცნობას ვერ შევძლებდით. ხოლო თუ ეს იყო კაცის პორტრეტი, რომელიც საკუთარ მითოლოგიაში დაიკარგა, ფილმი თავადაც იმდენად მოიხიბლა ამ მითოლოგიით, რომ მისი გამოკვლევა დაავიწყდა. ამ ფილმიდან ისეთი დაღლილობის განცდით გამოვედი, რომელიც გეუფლება მაშინ, როცა რაღაცის სერიოზულად აღქმას გთხოვენ, მაგრამ თავად ეს რაღაც არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შენი სერიოზული დამოკიდებულება დაიმსახუროს და ყველაზე გამაღიზიანებელი ის არის, რომ ამ ფილმზე უკვე მეორე დღეა ვფიქრობ. არა იმიტომ, რომ მან შემძრა, ან მისმა კადრებმა ჩემში რაღაც მტკივნეული დატოვა, არამედ იმიტომ, რომ გამუდმებით ერთსა და იმავე კითხვას ვუბრუნდები: როგორ შეიძლება ამდენი კარგი მსახიობი, ამდენი დრო და ამდენი შესაძლებლობა საბოლოოდ ისეთ ფილმად იქცეს, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალიც კი უჭირს? მინდოდა მის წარუმატებლობაში დაფარული ინტელექტი მეპოვა. მინდოდა დამეჯერებინა, რომ აბსურდი განზრახ იყო შექმნილი, კლიშეები კი პროვოკაციის ფორმას წარმოადგენდა. მინდოდა აღმომეჩინა, რომ ფილმი ზუსტად იმაზე იცინოდა, რის გამოც მე მისი ყურებისას სიცილი მინდებოდა. მაგრამ, მგონი, საბოლოოდ უნდა შევეგუო გაცილებით უფრო გულდასაწყვეტ შესაძლებლობას, რონ იქნებ აქ არანაირი საიდუმლო ხუმრობა არ იმალება. იქნებ ფილმი ზუსტად ისეთივე სერიოზული, თვიტკმაყოფილი და დაბნეულია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს.ყველა ცუდი ფილმი ამდენ ფიქრს არ იმსახურებს, მაგრამ რაღაც მომხიბვლრლად შემაწუხებელია.საბოლოოდ, მგონია, ყველაზე საინტერესო ფილმი ის არის, რომელიც ამ ფილმის გაგების მცდელობისას ჩემს თავში შევქმენი. (პ.ს. წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ჩემი პირველი რევიუს დაწერა ამ დონის ყლეობას თუ უნდა მოეხერხებინა)












